პროფესიული განვითარება

თბილისელ, ქუთაისელ და აბაშელ კოლეგებთან ერთად საჯარო ბიბლიოთეკასთან....


შემიძლია ვთქვა, რომ თვითგანვითარება ჩემი ჰობია...

მიყვარს ჩემი საქმე. მაინტერესებს ყველაფერი, რაც ხელს შემიწყობს წარმატებაში. მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. ვგრძნობ, რომ ამით ვცოცხლობ. ზოგს ეცინება, ხშირად უთქვამთ – "მოგცლიაო", მე კი აინუნშიც არ ვაგდებ. არ მესმის ასეთი  ადამიანების...
მიყვარს ტრენინგებზე და სხვა შეკრებებზე  დასწრებაც. ყველაზე ცუდი ტრენინგიც კი რაღაც სიახლეს მძენს. ბოლოს და ბოლოს,  ახალ კოლეგებს ვეცნობი და კარგ მეგობრებსაც ვიძენ. ეს ძალიან მახალისებს.  ახალი ენერგიით მავსებს. ახალი იდეების გენერატორი ტრიალდება ჩემს თავში და ჩვეული აღმაფრენით ვუბრუნდები სამუშაოს.
ასე რომ არ იყოს, ძალზედ მოვიწყენდი...
ერთხელ მოვისმინე კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: – ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია. თუ ადამიანი არ იღწვის რაიმე დიდი, ზეაღმტაცი საქმეებისათვის, მაშინ მისი ცხოვრება ემსგავსება იმ უშინაარსო ცხოვრებას, როგორსაც ვირთხები და თაგვები ეწევიან ხოლმეო....
ეს იყო და ეს....
თითქოს ეს სიტყვები ჩემთვის ცხოვრების კრედო გახდა....
თუ რამეს ვაკეთებ, არა იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონო და მადლობა დავიმსახურო, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად მე არ შემიძლია ცხოვრება.
ჩემი ბავშვების თვალებში რომ სიხარულის ვარსკვლავები ციმციმებენ, ეს ჩემთვის ყველაფერია. ბედნიერებისგან ცა გამეხსნება ხოლმე. ასეთ წუთებში მითქვამს, რომ ამ თვალების დასანახად ღირდა ჩემი ცხოვრება და  რომ  პროფესია ტყუილად არ ამირჩევია...

ეს კი ჩემს შესახებ მოკლე ინფორმაციაა...

ტრენინგები და კონფერენციები
მე და ასოციაცია
ინტერნეტ–კათერდა

ჩემი შემოქმედება: 
სულ რამდენიმე ლექსი და ჩანახატი მაქვს შემორჩენილი. წერის ნიჭი  ჩემი არაჩვეულებრივი ქართულის მასწავლებლის – ჟუჟუნა კერესელიძის დამსახურებაა. თუმცა არ მიცდია წერის გაგრძელება. სამწუხაროდ, რაც დავწერე , იქიდანად ბევრი არაფერი შემომრჩენია....
მაგრამ არ ვიცი, იქნებ,  მომავალი წინ მაქვს?...

მანანა… (ჩანახატი)


როგორ მიყვარს კონკურსები?...
    
         დიდი ენთუზიაზმით მივიღე მონაწილეობა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ქ. რუსთავის  ფილიალის  მიერ ჩატარებულ კონკურსზე - ”ერუდიტები”.  კონკურსი გაიმართა რუსთავის სკოლების პედაგოგთა შორის. მასში 18 სკოლა მონაწილეობდა. კონკურსი ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა. მოულოდნელად, ადგილობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელმა,  ქალბატონმა ლეილა გორგაძემ უზარმაზარ დარბაზში, უამრავი პედაგოგის თვალწინ მომილოცა დაბადების დღე და დამასაჩუქრა. რასაკვირველია, ძალიან გამეხარდა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქ-ნ ლეილას.
           ამ დღეს ,  კიდევ ერთ შეჯიბრში მონაწილეობდა ჩვენი სკოლა. ეს იყო რუსთავის სკოლებს შორის ტრადიციული, ყოველწლიური სპორტული შეჯიბრი ”მხიარული სტარტები”. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდს ხელმძღვანელობდა უაღრესად კეთილშობილი პიროვნება - ფიზკულტურის მასწავლებელი, ბატონი თამაზ ნოზაძე, რომელიც მოულოდნელად და სამწუხაროდ, შეჯიბრის მსვლელობისას გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალების ამბავი  ჩვენს დარბაზში ხმამაღლა გამოაცხადეს და მოგვისამძიმრეს.  ბატონი თამაზი ყველას ძალიან გვიყვარდა. კონკურსის მეორე ტური დამწუხრებულებმა, მძიმე ემოციური განწყობით განვაგრძეთ. სამწუხაროდ, თითქოს ფარ-ხმალი დავყარეთ და მხოლოდ-ღა  მეექვსე ადგილს დავჯერდით.  ”მხიარულ სტარტებს” კი ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეთილებით თამაზ ნოზაძის სახელობის ”მხიარული სტარტები” ეწოდა.











"ერუდიტებიდან"  "ეტალონამდე"...

2007 წ. ივნისში  ქ. რუსთავის მე-13 სკოლის დირექციამ წარმგზავნა  პოპულარულ სატელევიზიო პროგრამაში ”ეტალონი”. სადაც გამოვდიოდი სკოლის სახელით. მოვიპოვეთ  მესამე საპრიზო ადგილი . ამ წარმატებისთვის   დავჯილდოვდით საპატრიარქოს მიერ დაწესებული საჩუქრით - ”ახალი აღთქმა და ფსალმუნები”. ეს კიდევ ერთი წარმატება იყო ჩემთვის 2007წელს, რაც ძალიან მახარებს.....
ფოტოები იხილეთ  აქ

ფიქრია ეტალონელი

ეს მოხდა 2007 წ...
სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი  ამ გადაცემაში. სკოლის დირექტორმა ირმა მიმინოშვილმა გამაფრთხილა, რომ გადაცემა "ეტალონში" რუსთავის სკოლების პედაგოგები იყვნენ მიწვეული  და მან მე წარმადგინა.  მითხრა, რომ წინასწარ გადაღებაზე მოვიდოდნენ სკოლაში. ვიკითხე მოსვლის დრო. მიპასუხა, რომ არ იცოდა. ეს იყო და ეს...
დაახლოებით ერთ საათში თავზე დამეცა გადამღები ჯგუფი სკოლაში. ასე რომ, წინასწარ მოწესრიგებაც ვერ მოვასწარი...
ჯგუფს თან ახლდა წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი.  გავიცანი ბატონი გოჩა.  გადავიღეთ ფოტოები. შევთანხმდით ტელევიზიაში მისვლასა და გადაღებაზე.
"ეტალონში" მესამე საპრიზო ადგილი ავიღე. ძალიანაც არ მოვხიბლულვარ მესამე ადგილით, მაგრამ რომ გადავხედე ქალაქის "პრესტიჟულ" სკოლებს, რომლებიც უკან ჩამოვიტოვე, ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი.
პატრიარქის საჩუქარი მივიღე - "სახარება".
ბედნიერი ვარ.
სამწუხაროდ, მაშინ აღფრთოვანებულს,  არც მიფიქრია, რომ ეს მასალა აღმებეჭდა ფირზე და შემენახა. რამდენიმე ფოტო გადავიღე და ისიც ტელეჟურნალისტებმა გადამიღეს. ეს არის და ეს...   მხოლოდ ეს შემომრჩა - კომპიუტერიდან ამობეჭდილი რამდენიმე შავ - თეთრი ფოტო...




ფიქრია "ვიკიპედიელი" 

  აქაც მოვსინჯე ძალები. ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს. ვნახოთ, რა გამომივა და სადამდე გამყვება ენთუზიაზმი...
       თავის დროზე აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ გული დამწყდა მისი "გაჭირვების" გამო. ქართული ვიკი ძალიან ღარიბია. ერთ მშვენიერ დღეს   მარტივი კვლევა ჩავატარე და აღმოვაჩინე, რომ რუსულ ვიკიპედიაში 1 700 000 სტატია  იყო, ინგლისურში 3 000 000-ზე მეტი, ხოლო ქართულში მაშინ მხოლოდ 50 000-ოდე და ისიც, უმრავლესობა მათგანი სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლებოდა. იყო შინაარსობრივად ღარიბი, ფოტომასალით ღარიბი, ბევრი გრამატიკული შეცდომებით.....
        ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვიკიპედიის სრულყოფა  ყველა ქართველის საპატიო მოვალეობაა. ეს ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა, როგორც თავის დროზე იაკობის "დედა ენის" შექმნა იყო. მოგეხსენებათ, ქართველი ბავშვებისათვის დღეს მხოლოდ ინტერნეტია "დედა ენა" და თუ იქ მასალა არ იქნება, მაშინ?...
         თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, სანამ რამე გავიგე. ათასი ხლართებია ვიკიპედიაში. საშინელი ლაბირინთივით მეჩვენებოდა ყველაფერი შიგნით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ თვითონ ვიკიპედიელები აღმოჩნდნენ გულისხმიერები.
          მიმაჩნია, რომ ვიკიპედიას ძალიან პატრიოტი, თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული  და განათლებული ადამიანები ქმნიან. დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან ვიამაყებ ამ საქმეში ჩემი გაღებული წვლილით.
         თითოეული სტატია საკუთარი შვილივით მიყვარს და ველოლიავები. დაახლოებით ერთი წელი ვიტანჯე მანამ, სანამ აქტიური მოღვაწეობა დავიწყე.  ჯერ მხოლოდ ერთი თვე იქნება  და თურმე იმდენი  სტატია შემიქმნია ან შემისწორებია...
          ძალიან მიხარია. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს....
          წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თავს!
.....................
ამ ბოლო დროს არა მხოლოდ სტატიებით ვკმაყოფილდები, ფოტოებსაც ვტვირთავ. მინდა ქართული ვიკიპედიის ფონდი შეივსოს.  არ მსისმოვნებს მისი საცოდავი მდგომარეობა....
ფოტოებს   სხვადასხვა ხერხით მოვიპოვებ ხოლმე. მეტწილად სხვებს ვთხოვ დახმარებას.  არ მერიდება, შევაწუხო ადამიანები საერთო კარგი ქართველური საქმისათვის და ისინსც სიამოვნებით შემომიერთდებიან ხოლმე.
ასეთი "შეწუხებული"  ჯერჯერობით სულ რამდენიმე ადამიანი მყავს. მათ დაუნანებლად გაიმეტეს თავისი შემოქმედება საერთო საქმისთვის.
მაგალითად,
1. ამერიკის რეგიონის ფოტოები ერთ ამერიკელ ქართველს ეკუთვნის, რომელიც ფსევდონიმით გამეცნო, სახელად კუ იბერიელი და მის ფოტოებს ასეც აქვს მითითებული ავტორი.
2. ჩემი საკუთარი მამიდაშვილი, მარი მახარაშვილი ხშირად მოგზაურობს სტამბულში და არაჩვეულებრივი ფოტომასალა აქვს   სტამბულის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
3. და ბოლოს, დიდი პატივისცემით გამოვითხოვე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები ვიკიპედიისთვის. ჩემდა გასაოცრად, დამთანხმდა და წარმატებებიც მისურვა.
ამ უშურველობისთვის, მინდა  ყველას დიდი მადლობა ვუთხრა აქედან..
ასევე, მადლობას ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დიდად თუ მცირედ თანამშრომლობს ჩემთან სხვადასხვა ფორმით. არ მინდა ვინმე გავანაწყენო გამოტოვებით, მაგრამ მაინც განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვი აქედან
1. ამერიკის ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ალექსანდრე მიქაბერიძეს.  ძალიან ახა;გაზრდა და წარმატებული ქართველი, რომელიც ნაპოლეონის საზოგადოების წევრი და მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მკვლევარია. ალექსანდრეს აქვს ძალიან საინტერესო ინფორმაციები  სახვადასხვა ბლოგებზე და ასევე ის საინტერესო პიროვნებაა, როგორც თანამედროვე ქართველი კალიგრაფისტი :
მისი ბლოგებია:
1. წარსული, აწმყო, მომავალი
2.ქართველთა ბიოგრაფიები
და სხვ.

თქვენც შეგიძლიათ ნახოთ:
ჩემი წვლილი ვიკიპედიაში...



ჩემს თვითგანვითარება–თანამშრომლობას კიდევ ერთი სფერო შეემატა. ძალიან მსიამოვნებს ურთიერთობა "ებლიფიტოსთან".  ეს გახლავთ  ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმი  სოციალურ ქსელში.  ძალიან აქტიური და შემოქმედი ადამიანი ჩანს მისი შემქმნელი –  ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე, რისთვისაც დიდად ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ  მას.  

მე და ებლიფიტო



თანამშრომლობისათვის უამრავი ჯგუფი მაქვს შექმნილი ინტერნეტში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და აქტიურია  პედაგოგთა კლუბი   ფეისბუქზე, რომლის შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე წელია განთავსებულია ჩემი ისტ-ი ტრენერის ხათუნა ციხელაშვილის ბლოგზე სასარგებლო საიტები.  დიდი მადლობა ამისთვის ხათუნას.








Комментариев нет: