პოეზიის გვერდი

 სატრფიალო პოეზია XXIს. დასაწყისში

     ჩემთვის უცნობი პოეტების ლექსები, რომელიც ძალიან მომეწონა..
აი, ინებეთ ...ეს ლექსები ერთ-ერთ სოციალურ საიტზე ამოვიკთხე. მისი ავტორი გოგონაა, რომელიც  სთხოვს სტუმრებს - ლექსი მიუძღვნან სამახსოვროდ. ერთდროულად იმდენი ლამაზი ლექსი წავიკითხე, გავოცდი.. ლექსების 90% ვაჟების მიერ არის მიძღვნილი.  ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ქართველ ვაჟებს სატრფიალო პოეზიის დიდი სიყვარული ჰქონიათ.  ძალიან ნიჭიერებიც ყოფილან.  ძალიან  ლამაზი, პოეტური სულიც  ჰქონიათ და უამრავი ლექსიც სცოდნიათ.  ამ გვერდის შექმნაც იქ წაკითხულმა ლექსებმა   გადამაწყვეტინა.  გთავაზობთ  მიძღვნილი ლექსების მხოლოდ ნაწილს უკომენტაროდ....

                         ****
ქალი ხარ..ვარდსაც რომ შეშურდება..
..
ქალი ხარ..დილის ნამის სადარი..
..
ქალი ხარ..ნუშის გამოვიძება..
..
ქალი ხარ..მზის და მთვარის ნაზავი..
..
მინდა რომ გავდე მუდამ გაზაფხულს..
და შენმა გულმა გაიაპრილოს..
..
მინდა რომ გავდე ზღვის ძლიერ ტალღებს
ვერვინ გაბედოს გული გატკინოს.


                                               *****
“მინდა ეგ თვალები არ მახსოვდეს, ამას უაზრობა ეწოდება.
აღარ მომენატრო არასოდეს, რადგან ჩემი თავი მეცოდება.
როგორ დაივიწყე ყველაფერი, როგორ დავიჯერო არ გახსოვდეს
ვეღარ დამამშვიდებს ვერაფერი, როცა აღარ გნახავ არასოდეს.
აღარ გამახსენდეს ვის ვედრები, აღარ ვიძინებდე ცრემლიანი
აღარ ვიღვიძებდე იმედებით, აღარ დამცინოდეს ჩემიანი...
ასე ცხოვრებაში დამეკარგე, გრძნობა შევილახე ნაჩუქარი,
გულში სამუდამოდ დამებარგე ღმერთის ერთადერთი საჩუქარი. “

                                        ******
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!


                                      *****
იყო საღამო დუმილით სავსე
უთვალავ გულთან დანაფიცარი,
ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე
ბრძენი რუსთველი და ოპიზარი.
თავს იწამლავდა ტაბიძის მერი
და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს,
მე მაწამებდა ხატება შენი,
მე დავეძებდი საყვარელ თვალებს.
ქალაქის ბაღში არ იყო ქარი,
ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ.
მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი
და ვუღიმოდი შენმაგვარ ლანდებს.
გეძებდი დიდხანს.ამ მტანჯველ ლოდინს
ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს.
გეძებდი დიდხანს.რატომ არ მოდი,
იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო?!
ახლა წვიმაა.. მე ნამთვრალევი
ველი ჯადოქარს და საოცრებას.
მაინც არ მტოვებს შენი თვალები ,
შენი სათუთი გულის ოცნება.
ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის
ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს
და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს,
გავგიჟდებოდი ასე მგონია!
იმ წყნარ საღამოს გეძებდი,კარგო,
ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს

საით წახვედი...სად დაიკარგე...
ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...


                              ******
ტაძრებს აგებენ ხუროთმოძღვრები,
ტაძრებს ავაგებ მეც!!!
ისინი ტაძრებს ღმერთებს უგებენ,
მე კი აგიგებ შენ!!!
სანთლები იწვის სვეტიცხოველში,
სანთლებს ავანთებ მეც!!!
ისინი სანთლებს ღმერთებს უნთებენ,
მე კი აგინთებ შენ!!!
სადღეგრძელოა ქართულ სუფრაზე,
ერთ სიტყვას ვიტყვი მეც!!!
რას არ ლოცავენ სადღეგრძელოთი,
მე კი დაგლოცავ შენ!..



                     *****

სიყვარულია ქვის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა,
სიყვარულია ათას ერთი ღამის ზღაპარი,
ჩვენს გულში მარად დანთებული სულის ლამპარი!
სიყვარულია გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება,
ხელს შეახებ და არასოდეს განმეორდება.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო ასწია
უნდა შეწირო ყველაფერი, რაც გაგაჩნია
სიყვარულისთვის თავი დადეს ძმებმა კახელმან,
სიყვარულისთვის არსაკიძეს მოსჭრეს მარჯვენა,
სიყვარულისთვის გადაფრინდა მთიდან შორენა,
ძნელია როცა შენს სიყვარულს ვინმე შორდება!
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,
სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გაღვიძებს,
სიყვარულია თამარი რომ დარჩა კვლავ მარად,
სიყვარულს შოთაც შეეცადა და ვერ დამალა.


                           *****

არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა



               ********

ფრთები რომ მქონდეს
ცის ლაჯვარდში ავიჭრებოდი,
ლურჯ-თვალა ღრუბლებს
ჩავუფრენდი ავენთებოდი,
ფრთები რომ მქონდეს
შურდულივით გავვარდებოდი,
ჭრელ-ჭრელ ყვავილებს
დავივლიდი,დავითვრებოდი,
ფრთები რომ მქონდეს
წუთისოფელს გავშორდებოდი
ცის სილურჟეში შევცურავდი
შევერწყმებოდი,
ფრთები რომ მქონდეს
ქარიშხალსაც დავეწეოდი
გადავიფრენდი მთებს და ველებს
ზღვას ვეწვეოდი.
ფრთები რომ მქონდს
ცისარტყელას მოვეხვეოდი
და მისი ფრთებით მოხიბლული
ცას ვემთხვეოდი.
ფრთები რომ მქონდეს,
ერთხელაც არ დავფიქრდებოდი
მის გაფანტვას და ნათლით შეცვლას
შევეცდებოდი.
ფრთები რომ მქონდეს
ერთხელაც არ დავფიქრდებოდი
წვიმის წვეთებად ვიქცეოდი
დავიღვრებოდი.
ფრთები რომ მქონდეს,
სიყვარულით ავივსებოდი
და შემდეგ თუნდაც
დედამიწას დავეფრქვეოდი...



                          ******
მე... ისეთი სიყვარული გამოვცადე
აწი უნდა შევიყვარო ვინღა...
დამაცადე... სავსე მთვარის ამოსვლამდე
გევედრები – ნურაფერს ნუ მკითხავ...

შენ... ისეთი სიყვარული დამანახე
კიდევ ვინმე დაინახავს?... ნეტავ...
გავჩუმდები... ოღონდ თქვი რომ დამიძახებ,
თქვი რომ ისევ მომანატრებ შენს თავს...

ჩვენ... ისეთი სიყვარული დავასვენეთ
ყელზე ლურჯი ძარღვივით რომ თრთოდა...
იქნებ გახსოვს... მაშინ მოდი – გამახსენე
ავადმყოფის უთავბოლო ბოდვა...

და უძილო ღამესავით დამათენე
თვალთან შენი არეული სუნთქვა...
მე... ის შმაგი სიყვარული გადავთელე
როცა ვნებით ჩურჩულებდი ყურთან...

მომაჩვენე – იქნებ ისევ გამიხარდეს
რაც ამღვრევდა თვალებს ნაცამტვერებს...
შენ... ეს ტრფობა ასე რატომ დამიხატე
სხვა რომ ვეღარ შეუხამებს ფერებს?...

გამახსენე ასე რატომ მიზიდავდა
გაზაფხულის ღამეების სუნი...
ჩვენ... ასეთი სიყვარული დაგვეკარგა –
მას ასეთი ჰქონდა... დასასრული...



                                  *****

სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს,
გულიდან რომ უნებურად გადმოდიან.
მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ,
რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან...
ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს,
რომელიც კი თვალის გუგას დასდენია,
ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს
პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია...
განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს,
უკითხავად ყველგან რომ გაჩნდებიან,
მწუხარედ და უიმედოდ რომ გვაქცევენ
და თვითონ კი მოგონებას შერჩებიან.
და ყველა იმ დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს
რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია
სულ ერთია ტანჯვისა თუ სიხარულის,
გაუმარჯოს, თუკი მართლა ცრემლებია!!




                                      *******

მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა,
ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე,
გოგებაშვილმა ამიდგა ენა.
აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ,
იქაა ჩემი სულის საუფლო,
სადაც სიმღერით ომებს იგებენ,
სადაც ყოველი ლექსად საუბრობს.
მე სააკაძის სამშობლოდან ვარ,
თამარის სისხლი გადამდის გულზე,
უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ
და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე.
მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს,
გალაკტიონი დამყურებს ღამე,
სწორედ იქაა ჩემი სამშობლო,
დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე.
მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ,
აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ,
ილიას გავლილ მიწაზე დავალ.
ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს,
კაცობრიობის დღეთა შექმნიდან.
დიახ, გახლავართ საქართველოდან,
გენისოთა და გმირთა ქვეყნიდან.



                                 ******
იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.
იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას...


                                      *****
ყვავილებს გაჩუქებ -
ცრემლებით გაზრდილს,
სულსაც გაჩუქებ -
ქარს გამოვატან,
გულსაც გაჩუქებ
და იცი როგორს?-
ყოველ ფეთქვაზე
რომ თქვას : - ”მიყვარხარ”!

***************************


-->
”შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზღაპარს წამრჩურჩლებს შეღამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი”,

                                    8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8

მიდის ცხოვრება, იპარება წუთები ფიქრში...
მიდის ცხოვრება, დავბერდებით რაღაცის ფიქრში...
მიდის ნათელი ახალგაზრდობა, ოცნების ნისლში.
უნდა შევიდეთ უღიმღამოდ სიბერის ჩრდილში...
წარსული ძველი, საზიზღარი და აწმყო სხვისი,
გაიტანჯები თუ იცხოვრებ, ამ ქვეყნად მისით.
უნდა იცოდე, იამაყო ამ ქვეყნად ვისით...
არ აურიო არასოდეს შენი და სხვისი,
და თუ იქნები სხვის იმედზე, ჩალა გაქვს პირში,
რაც არ გეკუთვნის, ის დარჩება ყოველთვის სხვისი...
და შენ გაქვს აწმყო, შენი აწმყო იმედის ღირსი.
გიყვარდეს შენი და იცხოვრე ამ ქვეყნად მისით...


                                               8 8 8 8 8

მთელი დღე ისე გავიდა,
სიტყვას სიტყვა ვერ მოვაბი,
მეგონა სადმე გნახავდი,
მაგრამ თვალი ვერ მოგკარი.
ვის აღარ შემოვაპარე,
ვინმე საბრალოს ამბავი,
მაგრამ,ვერავინ ვერ მითხრა
ჩემი წამალი სად არის.
ძველი თბილისის ქუჩები
მე შენს ძებნაში დავღალე,
საიათნოვაც, ეთიმიც,
ჯიგარ დამწვარი დავყარე.
ბებერ მტკვარს ცრემლი ვადინე,
ზედ ტივად გადავიარე,
პატარა გოგოს გზას და კვალს
ვერსად ვერ გადავეყარე.
ვაი თუ მართლა მომტაცა,
მე შენი თავი ვერაგმა,
გამწირა სავაგლახო და
საუბედრო თმენადა,
შენთვის ნაზარდი ვარდები,
გამიხმეს უხარებლადა,
რად მინდა თავი ცოცხალი
უსიყვარულო ქვეყნადა?!


                             8 8 8 8 8 8 8 8 8

ჩვენ ვიბადებით ერთნაირად და ერთნაირნი,
მერე კი ყველა მიდის თავის გზით და ბილიკით,
ზოგი ცხოვრებას მიაგელვებს ზურნა-დაირით,
ბევრს არ უმართლებს არაფერში, ზოგს კი პირიქით.
ერთნი წიგნებში ჩარჩებიან საისტორიოდ,
სხვანი სიცოცხლეს ანდომებენ ფიქრს და ოცნებას,
ზოგი ვერ ამბობს, ვერ ახერხებს სიტყვას ორიოდს,
ზოგი კი ენაგატლეკილა დღედამოსწრება.
ერთი ეკრანით ეჭედება მეხსიერებას,
მეორეს მკერდი გადუშლია მედლებისათვის,
ზოგი თამამად _ კვალში უდგას მეცნიერებას,
მავანს სანთელი ენანება სავალ გზისათვის.
ვიღაც ვერ იტანს ობიექტურ კამათს თუ დავას,
ზოგს კი სიცოცხლე მიაჩნია არასამყოფად,
ერთის ბინაზე გააკრავენ წარწერით დაფას,
სხვას კი ბრინჯაო ელოდება უკვდავსაყოფად.
ერთნი მწვერვალებს ევლებიან სულმოუთქმელად,
მეორეთ პიკად ეჩვენებათ მომცრო ზეგანი,
ყოველთვის რაღაც არა გვყოფნის, ვართ მოუთმენლად,
მერე კი ერთ გზას დაადგება ყველა ჩვენგანი.


                                          8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8

ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!


                                  
       * * * * * * * * * * *

”მინდა მოგიძღვნა ლექსი ლამაზი
ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე,
მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი
უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე,
ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო,
მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ.
მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა,
სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე,
ნამით მორთული ნაზი ყვავილი,
უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს.
მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო,
რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე,
სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
იადონიც და ბულბულიც დუმდეს.
შენი სახელი მინდა ვიყვირო,
რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს,
წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს,
ოკეანედ რომ იქცევა უცებ,
მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო
აზვირთებული ტალღების ზურგზე,
ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო
ცისა კამარა, ღმერთების ბუდე
და ზედ კი მინდა დიდად დავწერო -
მე მას ვუყვარვარ! სულ ყველას გშურდეთ.

                    
                                    * * * ** * * * * * * * *

შენი თვალები სიგიჟეა უნდა დამათროს,
ცოტაც მაკლია და ცოფივით გადამედები...
როგორც მყინვარებს მოედება ცეცხლი არასდროს
შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.

და ლამის არის მიმიყვანოს თვითმკვლელობამდე,
შენმა თვალებმა მერამდენედ უნდა დამლახვროს?!
ბევრს როდი ვითხოვ? მხოლოდ ერთი ღამე მომანდე
მინდა ლექსები წაგიკითხო ბუხართან ახლოს.

ოღონდ იცოდე! სიგიჟეა ეს ყველაფერი,
როგორც სიცოცხლე და ლექსები ჩემი საერთოდ.
მე თანახმა ვარ, სანთელივით ჩუმად ვიწოდე,
რომ ჩვენი ბედი გამოვადნო და შევაერთო.

როგორც მყინვარებს მოედება ხავსი არასდროს
შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.

 
                    * * * * * * * * * *
მე ამ საღამოს თითსაც არ შეგახებ.
ზურგით მოგეყრდნობი გულის საპირესთან.
ხმა არ ამოვიღოთ,
სიტყვა არ ვიწამლოთ,
ბუხარს შევუკეთოთ ფუჭი დაპირება.

ყველა დამუხტული ბგერის ვიბრაცია,
ცივი კონიაკის ლაციცს შევუხამოთ,
ჭიქას ჩავაწუროთ ჩვენი სურვილი და
ყალბი გულგრილობის კედელს მივახალოთ!..

კედელს მივახალოთ,
წელში გადავტეხოთ,
ყველა შეხება და ვნების გაფიქრება,
ჩუმად დავინანოთ უხმო დიალოგის
სევდაშეპარული კერპი ახირება.

ხუთი გრძნობა მაინც დუმილს ვანაცვალოთ...
(
ვიცი,ხვალ მოგელის სულ სხვა ზიარება).
მოდი,
შენი დარდი თმებში ჩამაბნიე,
ეკლად მომახვიე გულის იარები...

მერე,
კანს ატკეცილს, დავაბრალებ სიცხეს,
სურვილს გავაპარებ ბნელი ფარეხებით...
ისე მოგიყვები - ხმას არ ამოვიღებ.
ისე მოგიფერებ - არც კი შეგეხები.


                                  * * * * * * * * *

სხვა გზა არ ჰქონდა, მოვიდა დილა

და ისევ მარტო ვიგრძენი თავი,

ჩემი ცოდვების მოწმე ხარ, მია,

არდაწერილი წიგნის ქვეთავი.



თვეები მტკვარში ფოთლებად ყრია,

ტივტივ მისდევენ ბედს და მარიფათს,

ქლიავისფერი მზე იყო ,მია,

შემოდიოდა ყველა კარიდან.



მია, არაფრად მიღირს სიცოცხლე,

დილის ცამ ზეცა ქუდად მათხოვა,

მერე ჩემს თავზე ბევრი ვიცინე,

ვსახლობ მტკაველზე - ღმერთის
ახლობლად...”

                             * * * * * * * * * * * * *

შენს კაბას წითელა სჭირს თუ ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!.


                           * * * * * * * * * *

ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია


                         * * * * * * * * * * * * *

თვალები შენი, მარგალიტები

ტუჩები შენი, ბროწეულები

ტან-ფეხი შენი მთის კალმახები

თმის დალალები, ზღვისა ტალღები.

ლერწმის თითიები,

ხმა, მომხიბვლელი

ბროლისა ყელი გრძნობის აღმრძველი

გული ნატიფი, ვით შობის ღამე

უცოდველი და მარად ნათელი

                    * * * * * * * * * * *

იცი რა მიყვარს? ზღვა მიყვარს ლურჯი,
ანკარა წყარო, წვიმა შხაპუნა...
იცი რა მიყვარს? ცა მიყვარს ლურჯი,
ვარსკვლავთა გუნდი, მთვარე კამკამა...
იცი რა მინდა? ალერსი მინდა
ჩახუტება და სითბო შენი...
იცი რას ვნატრობ? შენს გვერდით ყოფნას
და ვიქნებოდით კვლავ უძლეველი..
ჩემი სუნთქვა ხარ, გული ხარ ჩემი...
ჩემი აზრი და გონება ჩემი...
შენით ვისწავლე ცხოვრება ქვეყნად,
შენით ვცოცხლობ და
ვიცოცხლებ შენით...
მინდა იცოდე მიყვარხარ ძლიერ
და არ დაგტოვებ თუნდაც ვკვდებოდე,
მე და შენ  ორივ ერთნი ვართ ქვეყნად
გახსოვდეს ამდეს და მარად გჯეროდეს!!!


                        * * * * * * * * * * * * 

ღმერთმა გიბოძა ეგ სილამაზე,
სული სხეულზე ლამაზი მოგცა,
ანგელოზი ხარ ამქვეყნიური,
არ დაივიწყო ღმერთი და ლოცვა.
უფალმა მოგცა უმანკო სული...
მკერდში ჩაგიდო პატარა გული...
პატარა გული რომ გაიზრდება,
შენც გაიზრდები და შენი სულიც....
მერე გახდები უფრო ლამაზი...
ცაზე ლამაზი, მზეზე ლამაზი,
ანგელოზი ხარ ამქვეყნიური
შენ ღმერთმა შეგქმნა ასე ლამაზი...


                                  &&&&&&&&

გაზაფხულია,
მიწა ალმასობს...
აყვავებულან ბაღში ვარდები.
თუ გეჯავრები,
ჩემო ლამაზო,
წავალ,  შორს სადმე გადავვარდები.
წავალ, წამყვება
მე შენზე დარდი
და ენი ნახვა თუ არ მეღირსა,
უნდა ვიტირო
ყვიელი ვარდი,
ნიშნად სარფოგან განშორებისა”.

          & & & & & & & & & & 


შენი სილამაზე
ვნებით გაპოხილი
ლალის, ზურმუხტის და
ოქროს სადარია...
ფოტოზე შეგამჩნიე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა, -
ღმერთო რა ქალია!”

                 
                    & & & & & & &


იქნებ, შენა ხარ სიყვარულის უძირო სევდა,
იქნებ, შენა ხარ ამ ცხოვრების ერთი იმედი,
იქნებ, შენს გამო ამ ცხოვრებას ლამაზი ერქვა,
და უშენობას ვერ აღვწერდი ძველი სიტყვებით!

იქნებ ოცნებას შენს გარეშე ღალატი ერქვა
და სიყვარულსაც აღარ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი...
შენს მონატრებას სინანულის ცრემლები ერქვა
და სიყვარულსაც აღარ ერქვა მისი სახელი
იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების მთავარი აზრი,
სწორედ შენა ხარ სიყვარულით მოგვრილი სევდა
და ამიტომაც მენატრები ყველაზე მეტად!


                     & & & & & & & & & & 

როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე.
შენ ისეთი ხარ, სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე კარგი ხარ,  ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ იტრებს...
საიდან მოხვდი ასე თბილი, ასე უბრალო.
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე...
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ, რომ  ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ.
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო.”




              * * * * * * * * *

მომენატრები  ავტირდები,
გაძაგებენ და ავყვირდები,
მიმატოვებ და მოგიკვდები,
...

სხვასთან წახვალ და გავგიჟდები,
მიმატოვებ და ავტირდები,
დაბრუნდები და ავყვირდები,
...

თუ გეყვარები, მეყვარები,
თუ არა და  მე მაინც მეყვარები,
ქვეყნად არავინ დაღუპულა,
ის ...

დაგელოდები იმედებით,
ყველაზე დიდი იმედებით,
 
თუ გავგიჟდები მე გავგიდები,
...

                    & & & & & & & & 

შენ  მოგიძღვნიდი  მთელ  ჩემ  სიცოცხლეს...
 საათებს,  წუთებსწამებს,
შენ  მოგიძღვნიდი  გულის  სიმღერის
 სულის  სიმებით  ნამღერს,
შენთვის  დავკრეფდი,  ჩემო ძვირფასო,
 წითელ  ეკლიან  ვარდებს,
ტაძრის  კედელთან  მუხლმოდრეკილი
 შენ  დაგინთებდი  სანთლებს,
შენ  მოგიძღვნიდი  წმინდა  სიყვარულს
გულის  სიღრმეში  ნადებს,
შენ  მოგიძღვნიდი  ცრემლის  ნაკადულს
 წმინდა  გრძნობებით  სავსეს,
 შენ  დაგლოცავდი...
ენთვის დავლევდი...
 სიკეთით სავსე ყანწებს,
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემ სიცოცხლეს...
საათებს, წუთებს და წამებს...

                              * * * * * * * * * * * * * 

ღამე... მთვარე შორეული...
შენსკენ  გრძნობა მორეული
მოვალ, როგორც მთვარეული...
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები, როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები  თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით  მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ  გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...


                            * * * * * * * * * * * 

”დილის ვარდი ხარ ქალაუ,
მზე რომ მოაფენს სხივსაო,
სხივი მთისწვერზე მოსული,
თვითონ სხივი ხარ მზისაო.

ატმის გაშლილი კვირტი ხარ,
წვიმა რომ დაბანს პირსაო
დამწიფებული ნაყოფი
ტოტებს რომ დახრის ძირსაო.

ბუნების სილამაზე ხარ,
შველი ირემი ტყისაო,
საცქერლად ჯეირანი ხარ,
ლამაზი მაღლის მთისა”


                & & & & & & & 

მე გჩუქნი ჩემ თბილ, მოცისფრო თვალებს,
დღეს სულერთია ჩემთვის: - ვინა ხარ?!
მე თვალებს გჩუქნი...
ეს იმას ნიშნავს,
რომ თვალს გაახელ და დამინახავ.
რადგან ვხედავდი,  მთელი ქვეყანა
მუდმივად კვალში მედგა მუქარით,
მე თვალებს გჩუქნი, ნუ გიხარია,
შეჩვენებაა ეს საჩუქარი.
თვალებში მთელი სამყარო მოჩანს
და ის გეყოფა ფიქრად და დარდად,
გქონდეს თვალები და ამ თვალებით
ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.
მე გჩუქნი კეთილ, ნაღვლიან თვალებს,
ვით იის ანდა ენძელის კონას,
შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან
უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.
დიდი და უხვი სინათლის ნაცვლად
დამრჩა მე ორი ბნელი ფუღურო,
ნუ გიხარია,
შენ ამ თვალებით
ხვალ მთელ ქვეყანას უნდა უყურო
!..”

              & & & & & & & & 

ძნელია, როცა გიყვარს და იცი -
ეს სიყვარული აკრძალულია!...
როცა ცხოვრობ... და ბედნიერების
ყოველი წამი დაკარგულია....

ძნელია, როცა გჯერა ტყუილის
 და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ.....
გრძნობ, როგორ კვდება და შენს სიყვარულს
 გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ.....

ძნელია, როცა შეგცვალა დრომ და
გულს არაფერი არ შეუცვლია.....
ძნელია, როცა გიყვარს და იცი -
მას სიყვარული არ შეუძლია......

როცა ძებნაში გადის წლები და...
 ჯერ არაფერი არ გიპოვია.....
ძნელია, როცა ცხოვრობ და იცი -
რომ არასოდეს არ გიცხოვრია...!

              & & & & & & & & 










გისურვებ სიყვარულს,
არა ისეთს როგორც მზე,
ის ჩადის...
არა ისეთს როგორც მთვარე,
ის არ ათბობს...
არა ისეთს როგორც ქარი,
ის დაქრის...
არამედ ისეთს როგორც ცაა,
ის უსასრულოა...!!!

         & & & & & & & 

თუკი კახეთში არ სვი მანავი”,
ქართლში ურმული თუ არ გსმენია,
თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ
და ან სვანეთის კლდეთა გენიამ...
თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი,
გურიის მთებში თუ არ გივლია,
არ გიტირია სამეგრელოში,
ბროწეულები როცა ტირიან...
თუ თბილისელი ქალების ეშხმა
გული ბოლომდე არ გადახია...
მაშ,  არ  ყოფილხარ  საქართველოში
და  საქართველო  არ  გინახია
!”

                  * * * * * * * * * * * *

ქალი სიცოცხლეა,  ქალი ცხოვრებაა,
ქალი მთვარეა და მზეა,
 ქალი ოცნებაა,  ქალი ცხონებაა,
 ქალი სიყვარულის ტყვეა...
ქალი ცისკარია, ქალი ვარსკვლავია,
ქალი ყვავილია სულის,
ქალი სილამაზის დედოფალია და
ქალი რჩეულია უფლის...