воскресенье, 31 марта 2019 г.

სასწავლო წლის პირველი დღე და პირველი გაკვეთილი..


სასწავლო წელი არის მთელი სასკოლო საზოგადოების ზეიმი. მასში მონაწილეობს ქვეყნის, ადმინისტრაციული ოლქის განათლების წარმომადგენლები,  სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები, ასევე კურსდამთავრებულები - რომლებიც ყოველ წელს სიხარულით მოდიან მონატრებულ სკოლაში.  ეს დღე არის ბედნიერი სახეების, მონატრებული ადამიანების შეხვედრის, ყვავილების ცვენის დღე -  ნამდვილი დღესასწაული...
სკოლაში ეს დღე  უხვად არის დატვირთული სხვადასხვა  აქტივობებით. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ  პირველ  და დამამთავრებელ კლასელებს.  ტრადიციულად,  დღე იწყება საზეიმო  მსვლელობით, როცა სკოლის ეზოში  შემოსვლას იწყებენ პირველი და მე-12 კლასელები,  ხდება ურთიერთმილოცვები.  საზეიმო ცერემონია   იწყება მისასალმებელი სიტყვებით. სწავლის დაწყებას,  სკოლის გახსნას, პირველ რიგში, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, პედაგოგთა არმიას ულოცავს - დირექტორი და მოწვეული სტუმარი. სტუმარი შეიძლება იყოს ქალაქის ან რეგიონის ხელმძღვანელი ან რომელიმე მნიშვნელოვანი პიროვნება, ღვაწლმოსილი ადამიანი.  სიტყვას წარმოთქვამენ სასწავლო ნაწილის გამგე  სასწავლო-აღმზრდელობით დარგში,  მე-12 კლასის დამრიგებლები და სხვა მსურველი პედაგოგი, მშობელი.  იმართება გარკვეული საზეიმო აქტივობები: მაგ:   დირექტორის მიერ წინა წლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, მოსწავლეთა, უპირველესად, მე-12 კლასელთა  ფლეშმობი,  პირველკლასელთა საზეიმო მსვლელობა, მათ მიერ საზეიმო ლექსების წარმოთქმა, მე-12 კლასელთა მიერ სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია. პირველ და მე-12 კლასლთა მიერ ერთობლივად ზარის ხელით დარეკვის ტრადიციული ცერემონია.

მე-12 კლასის დამრიგებლის მისასალმებელი სიტყვის შინაარსი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს: 
"ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, კოლეგებო და სტუმრებო! 
....მოხრული ვარ, მოგესალმოთ და მთელი გულით მოგილოცოთ სასწავლო წლის დასაწყისი. 
დღევანდელი დღე ბავშვობის და ახალგაზრდობის დღესასწაულია, ყვავილების ზეიმია, სიხარულის, მონატრებული მეგობრების, მილოცვების დღეა.  
დასრულდა საყვარელი საზაფხულო არდადეგები, რომელიც უამრავ სასიამოვნო მოგონებებს გჩუქნით, მაგრამ ნუ მოიწყენთ, წინ უფრო საინტერესო პერიოდი გელოდებათ!.... 
დღეს,  ახლიდან იწყება ბრძოლა ცოდნის მისაღებად და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. 
პირველი სასწავლო დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სკოლაში - საოცარ ციხესიმაგრეში, რომლის ზღურბლი კიდევ ერთხელ უნდა გადალახოთ. ამ ციხესიმაგრეში შრომა და მოთმინება აუცილებელი ინსტრუმენტებია ცოდნის სამეფოში სამოგზაუროდ. გამოიყენეთ ეს მოგზაურობა. თამამად გაეცანით ცოდნის და აღმოჩენების საინტერესო  სამყაროს. 
დაე, გაკვეთილები მოსაწყენი არ იყოს თქვენთვის. 
დაე, წიგნები საინტერესოდ მოგეჩვენოთ ამ წელს.
სასკოლო წლები თითოეული  ადამიანისათვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარია. ვინც არ უნდა იყოთ, საბოლოოდ და საითაც  უნდა წაგიყვანოთ ცხოვრების ტალღამ, მერწმუნეთ, ყოველთვის თბილად და ტკბილად გაგახსენდებათ სკოლის კედლებში გატარებული წლები.  
გახსოვდეთ, რომ თქვენი შემოდგომი ბედი თქვენს ხელშია. გამოიყენეთ ეს დრო. სკოლაში მიღებული ცოდნით ძლიერი ფუნდმენტი ჩადეთ თქვენს ცხოვრებაში მომავალი წარმატებებისათვის. 
ისწავლეთ, არა უბრალოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ!  
გახსოვდეთ, შრომა არ იკარგება! 
უფალი დაგაჯილდოვებთ თავდაუზოგავი შრომისათვის. თქვენ ეს შეგიძლიათ!...
ყველაფერი გამოგივათ! 
დაე, სკოლაში გატარებულმა დღეებმა ნათელი კვალი დატოვოს თქვენს გულებში.
დაე, აქ მიღებული ცოდნით შეიარაღებულებს ყველაზე ურთულეს მომენტებშიც კი ყველა დაბრკოლება ადვილად გადაგელახოთ. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ცოდნის სამეფოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას".... 

როგორც წესი პირველი გაკვეთილი ხმარდება საზეიმო აქტივობებს,
მეორე გაკვეთილზე ყველა კლასში შედის დამრიგებელი. ეს გაკვეთილი წესისამებრ, სასწავლო წლის  პირველი  კლასის საათია. კლასის საათის თემა შეიძლება იყოს სხვადასხვა. მე-9, მე-10 და მე-12 კლასებში ეს შეიძლება იყოს (პირველ რიგში) პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილი. ან შესაძლოა,  დირექციასთან შეთანხმებით, ეს იყოს -

  • ცოდნის გაკვეთილი,
  • მშვიდობის გაკვეთილი,
  • უსაფრთხოების გაკვეთილი,
  • გმირობის გაკვეთილი, 
  • და ა. შ. რაიმე მნიშვნელოვან  მაღალღირებულ თემაზე აგებული გაკვეთილი...

მესამე გაკვეთილიდან კი იწყება  დადგენილი ცხრილის მიხედვით მასწავლებელთა შესვლა შესაბამის კლასში და ჩვეულებრივი საგნობრივი გაკვეთილების ჩატარება....

როგორია პირველი სასწავლო დღე სხვადასხვა ქვეყანაში?...

პირველი სასწავლო დღე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად იწყება. მაგ:  ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინლანდია და საფრანგეთი მხოლოდ გამოსაშვებ საღამოებს ზეიმობენ, პირველი სასწავლო დღე კი ყოველგვარი აღნიშვნის გარეშე გადის.  მართალია, ევროპის ზოგ ქვეყანაში ის სექტემბერშია, მაგრამ დასაწყისში თუ მერე, ამას ბევრი სკოლა თავად წყვეტს. მაგალითად, იტალიის რამდენიმე რეგიონში სწავლის დაწყების ათვლის წერტილი სხვადასხვაა. მეტიც, მილანში მცხოვრები მოსწავლეების არდადეგები უფრო ხანმოკლეა, ვიდრე რომაელი მოსწავლეებისა. სულ სხვა წესები ბატონობს სამყაროს მეორე მხარეს – ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ლათინურ ამერიკაში სასწავლო წელი ზამთარის ბოლოს იწყება. აზიელი მოსწავლეები სკოლისაკენ სექტემბერში მიეშურებიან, მაგრამ კორეაში, ინდოეთსა და ტაილანდში ის სტარტს გაზაფხულზე იღებს. რა ხდება სხვა ქვეყნებში?
გერმანიის სხვადასხვა რეგიონში ზაფხულის არდადეგებისა და სასწავლო წლის დაწყების თარიღი განსხვავდება. არდადეგები დაახლოებით 6 კვირა გრძელდება. სწავლება როგორც ივლისის ბოლოს, ისე სექტემბერში შეიძლება დაიწყოს. ტრადიციულად გერმანელი ბავშვები სასწავლო წლის პირველ დღეს  ე.წ. შულტუტეს იღებენ. ეს არის სხვადასხვა ფერის უზარმაზარი კონუსი, რომელიც კანფეტებით, ტკბილეულით, საკანცელარიო ნივთებითა და პატარა სათამაშოებით არის გავსებული. ამ ტრადიციას მე-19 საუკუნეში ცაეყარა საფუძველი  რომ ბავშვები სიხარულით წასულიყვნენ სკოლაში. გარდა ამისა, ბევრ სკოლაში სწავლის დაწყების წინ საეკლესიო მსახურება სრულდება. ბავშვების გარდა მას მშობლები, ნათესავები და ნათლიები ესწრებიან. სადღესასწაულო ცერემონიაზე ბავშვებს ხანგრძლივ სასწავლო გზას ულოცავენ. ამ ღონისძიების შემდეგ პირველკალსელებისთვის ექსკურსია ტარდება, რომელზეც ისინი სკოლას ეცნობიან. მეცადინეობებს ისინი მეორე დღეს უდგებიან.
ე. წ. შულტუტე



ბულგარეთში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და მაისში ან ივნისში სრულდება. ბავშვები სკოლაში 7 წლის ასაკში მიდიან (მშობლების თხოვნით მათ 6 წლის ასაკშიც იღებენ).
დღესასწაული სკოლის დროშის აწევითა და ზარის დარეკვით იწყება. ხანდახან ცნობილი ადამიანები მოკლე სიტყვას ან ლოცვას წარმოთქვამენ. სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული ნაწილის შემდეგ ცაში მტრედებს ან ბუშტებს უშვებენ. დღესასწაული სკოლის შენობაში გრძელდება, სადაც ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.
იაპონიაში სასწავლო წელი 1 აპრილს იწყება, როცა გაზაფხული დგება და ბუნება იღვიძებს. ბავშვები სკოლაში განახლების გრძნობით მიდიან და საკურას ყვავილობით ტკბებიან.
პირველი დღე სასწავლო დაწესებულებაში იაპონელებისთვის დღესასწაულს წარმოადგენს. ოჯახები და მეგობრები ულოცავენ სკოლის მოსწავლეებს და მათ საჩუქრებს ჩუქნიან. მშობლები და მოსწავლეები აუცილებლად იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს, იღებენ ფოტოებს სკოლის შესასვლელთან (ყველაზე ხშირად საკურას ქვეშ), რის შემდეგაც სადღესასწაულო ცერემონიაზე – ნიუგაკუშიკიზე მიემართებიან.
ღონისძიებების რიცხვში შედის ახალი მოსწავლეების მსვლელობა უფროსი მოსწავლეების აპლოდისმენტების ფონზე. ამის შემდეგ მე-5 ან მე-6 კლასის მოსწავლეები ახალმოსული ბავშვებისთვის სკოლაში ექსკურსიას ატარებენ, რომელიც მისასალმებელი წარწერებითა და საკურას ყვავილებით არის მორთული.
ისრაელში დიდი ყურადღება იმას ეთმობა, რომ ბავშვმა თავი სკოლის დიდი გუნდის წევრად იგრძნოს. პირველი სასწავლო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ბავშვები სკოლაში 1 სექტემბერს მიდიან. მათ ცეკვითა და ორმაგ დოლზე – ბონგოზე დაკვრით ხვდებიან. ამის შემდეგ მათ რაბინი ლოცავს, ისინი მღერიან და ერთმანეთს ეხუტებიან.
ასევე, ისრაელში არის საინტერესო ტრადიცია, რომელიც სწავლის დასაწყისს უკავშირდება. ცოტაოდენ თაფლს დაფას ან ქაღალდს უსვამენ, რომელზეც ებრაული ანბანი წერია. ბავშვები ლოკავენ მას, რაც იმის სიმბოლოა თუ რამდენად ტკბილია თორას სწავლა.
რეგიონისა და ამინდის პირობების მიხედვით ინდოეთში სწავლა აპრილიდან მარტამდე ან ივნისიდან მაისამდე გრძლედება. პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის დაწყება ნამდვილი დღესასწაულია. ისინი, ახალ და ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილები, ფერად ცერემონიაზე მიემართებიან. 

მასალა მომზადებულია სხვადასხვა საიტებიდან: