четверг, 5 октября 2023 г.

ჩემი ხმა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ჩემი ხმა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ერთ ახალ პროექტში დავიწყე აქტივობა -  "ჩემი ხმა ეროვნულ ბიბლიოთეკას"
იმდენად საინტერესო და სახალისოა. მიხარია და ვთვლი, რომ  კარგ საქმეს ვაკეთებ. რომ ერთ პატარა წვლილს შევიტან ძალიან მაგარ და საშვილიშვილო საქმეში.

მადლობაც მივიღე პროექტის ავტორისგან. არ მეგონა, ასეთი საინტერესო თუ აღმოჩნდებოდა. 

https://prnt.sc/0d9RMcSYQOnl   



вторник, 18 июля 2023 г.

25 ოქტომბერი - მედიაწიგნიერების დღე

 2021 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ამაღლების შესახებ. მისი თანაავტორი საქართველოც არის. რეზოლუცია მიმართულია დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, რომლის ყველაზე  მნიშვნელოვან და ეფექტურ საბრძოლო იარაღად მედიაწიგნიერებაა დასახელებული.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მედიისა  და ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევები. გაერო ავალდებულებს მის წევრ სახელმწიფოებს იზრუნონ მედიაცნობიერების ამაღლებაზე.  იმავე 2021 წლიდან საქართველო ყოველ წელიწადს მონაწილეობას იღებს მედიაწიგნიერების კვირეულში, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას.  კვირეულის მიზანია გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ. 

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ საკლასო-სადამრიგებლო საათის ჩასატარებლად. რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დღეს მოსწავლეებისთვის? 

1. მედიაწიგნიერების გაკვეთილი. მოსწავლეებს ვესაუბროთ დეზინფორმაციაზე  მედიაში, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენაზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციაზე. 

2. ვეწვიოთ კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდს: კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?" .

3. ციფრული და არაციფრული პლაკატები - "არა ფაქტჩეკი!!!"  

4. საკლასო  კონფერენცია  

თემები: 

  • რა არის ინფორმაცია?
  • რა არის ყალბი ინფორმაცია და მისი გავლენა მომხმარებელზე? 
  • რა საფრთხეები არსებობს ონლაინ-სივრცეში
  • როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში ნავიგაციისას? 
5. ესსების კონკურსი. 
თემები: 
  • ინფორმაციის მიღების გზები 21-ე საუკუნეში
  • რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ყალბი ინფორმაცია?
  • რატომ უნდა დავიცვათ თავი ონ-ლაინ სივრცეში? 
6. მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო მედია-პროექტებში პლატფორმა E-Tvinning-ზე

8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8-8
ინფორმაცია:
2021/2022 სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღეთ E-Tvinning-ზე პროექტში - 
წარვადგინეთ თემა: "პანდემია საქართველოში და დეზინფორმაცია" (მომხს. ა. ხუციშვილი, მ. ბაბაევი)
შევქმენით კომიქსი (ავტ: ა. ხუციშვილი)
გავაკეთეთ ვებ-გვერდის პრეზენტაცია - ვებ-გვერდი : faktcheki.ge
ვითამაშეთ ვიქტორინა-თამაში - "ტროლები და ბოტები" 




კონფუცის პედაგოგიური შეხედულებები

კონფუცი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი სახელია კუნი. ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია როგორც კუნ-ცზი, ან კუნ ფუ-ძი („მასწავლებელი კუნი“) ან უბრალოდ ძი - „მასწავლებელი“. 20 წლის ასაკში კონფუძი უკვე ცნობილი მასწავლებელი იყო. იგი დაიბადა  ლუს სამეფოს ქალაქ ციუიფუში  ძვ. წ. 551 წელს, ჩუნციუს პერიოდის დასასრულს,  მოღვაწეობდა ძვ. წ. 479 წლამდე. გარდაიცვალა 72 წლის ასაკში. ის იყო სუის სამეფოს არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი.

კონფუცი ადრე დაობლებულა,  ცხოვრობდა ხელმოკლე ოჯახში დედასთან ერთად, ეკავა დაბალი თანამდებობა, ლუკმა-პურის საშოვნელად მუდმივად შრომობდა, რის გამოც გამოყენებითი ხელოვნების მრავალი დარგი შეუსწავლია და საკუთარ თავზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავდა,  რომ ხელმოკლედ ცხოვრებამ და დაბალმა თანამდებობამ უბრალო ხალხის არაერთ  პროფესიას  აზიარა. 

კონფუცის მრავალი ნაწარმოების რედაქტირება მიეწერება, მაგრამ დღემდე მოღწეული ტექსტი, რომელსაც მეცნიერთა უმეტესობა ჭეშმარიტად კონფუცის იდეებად აღიარებს, არის „ლუნ იუ“ („დისკუსიები და ანალიზი“). იგი 20 თავისაგან შედეგება.  დღეისათვის დადგენილია, რომ  „ლუნ იუ“ შედგენილია კონფუცის გარდაცვალების შემდეგ მისი მოსწაფეების მიერ და შეიცავს კონფუცის მრავალ გამონათქვამს, ახსნას, ანალიზებს, ანედგოტებსაც კი -  პაროდიული ხასიათის ტექსტებს მისი მონაწილეობით და სხვა.  „ლუნ იუ“   იწყება ფრაზით - სწავლა და დროდადრო ნასწავლის გამეორება.

კონფუცი  გახლავთ „საჯარო მოხელეთა სკოლის“ („მომსახურეთა სკოლის“) დამაარსებელი. ის მთელი ცხოვრება ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საკუთარ სკოლაში.  ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ  მის მოწაფეთა შორის 72-მა ადამიანმა მიაღწია ხელოვნების ექვსი სახეობის მწვერვალებს, მათ შორის მუსიკაში, ისრის ტყორცნაში, მათემატიკაში, წერაში და ასე შემდეგ. ირკვევა, რომ კონფუცის მიხედვით მასწავლებელს მუდმივად უნდა ახსოვდეს  ოთხი  რამ. კერძოდ,

  1. მასწავლებელი არ უნდა მიეცეს უაზრო ფიქრებს.
  2. მასწავლებელი არ უნდა იყოს კატეგორიული თავის გადაწყვეტილებაში.
  3. მასწავლებელმა არ უნდა გამოავლინოს სიკერპე - სიჯიუტე.
  4. მასწავლებელი არ უნდა ფიქრობდეს საკუთარ თავზე, არამედ მოსწავლეზე.

საინტერესოა, მისი მოსაზრებანი მასწავლებლის მიერ ადამიანის შეფასებისას. ის ამბობდა, რომ მასწავლებელი „არ უნდა ისროდეს“ კარგ სიტყვებს ადამიანის (მოსწავლის) მიმართ დაუმსახურებლად, არამედ წარმოთქმამდე მან სიტყვა უნდა გააანალიზოს, აწონ-დაწონოს და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მისცეს თითოეულ სიტყვას არსებობის საშუალება. თანამედროვე სწავლებაში ეს არის განმავითარებელი შეფასების დანიშნულება, რომ მოსწავლემ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გაიაზროს თავისის სუსტი და ძლიერი მხარეები შემდგომი განვითარებისათვის.

მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისას ვგებულობთ, რომ კონფუცის ეპოქა ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო. კერძოდ, ეს იყო მონათმფლობელური წყობილების რღვევისა და ფეოდალიზმის ჩასახვის ადრეული ეპოქა. ორი ეპოქის მიჯნაზე სიახლესთან ბრძოლაში ბევრი ძველი კარგი შეხედულება, წესი, ურთიერთობები ირღვეოდა, ნადგურდებოდა, იკარგებოდა. თავად კონფუცი  წარმოადგენდა მონათმფლობელური კლასის რეფორმატორულ ფრთას. ის აქტიურად გამოდიოდა და მხარს უჭერდა სიახლეებს, რეფორმებისა და ძირეული ცვლილებების განხორციელებისათვის ავლენდა პრინციპულ ხასიათს. ამ პლატფორმაზე მყოფმა მკაფიოდ განსაზღვრა თავისი იდეოლოგიური სისტემის თავისებურებები, რომელიც გამოიხატა არა არსებული სიტუაციის გამწვავებაში, შეურიგებლობასა და რადიკალიზმში, არამედ შერიგებასა და კომპრომისების ხელოვნებაში.  კონფუცი ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ ექსტრემიზმსა და უკიდურესობას.  მისი აზრით, მასწავლებელს სწავლების პროცესში ხელში უნდა ეკავოს ორი უკიდურესობა და იყენებდეს მათ შორის არსებულ შუა ხაზს - „ოქროს შუალედს“.  ეს ხელს აძლევს მასწავლებელს არ დაუშვას არცერთ მხარეს გადახრა, ან უფრო უკეთესად რომ ვთქვათ, არ გადასცდეს „ოქროს შუალედს“.  ამით ის მოახერხებს ურთიერთდაპირისპირების შერბილებას და წინააღმდეგობის დაცხრომას. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კომპრომისების ანუ წინააღმდეგობების დაძლევის თეორია.  სხვა შემთხვევაში, გაიზრდებიან ორი სახის ადამიანები - თავშეუკავებლები ან ძალიან ფრთხილები;   კონფუცის აზრით, თავშეუკევებლები მუდმივად წინ ისწრაფვიან და არიან შემაწუხებლები საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენების გამო,  ხოლო ფრთხილები კი არაფერს არ აკეთებენ რეალურ ცხოვრებაში და მხოლოდ ერთ ადგილს ტკეპნიან მუდმივად.

კონფუცის ეთიკურ-პოლიტიკური იდეა იყო მართვის ხელოვნება, რომელიც ხასიათდება როგორც კეთილშობილური მართვის თეორია. ამ იდეის ცენტრალური ხაზი და საყრდენი წერტილი არის ქცევის წესებზე დაფუძნებული მმართველობა, სწავლება, ურთიერთობები.  კონფუცის აზრით - ძალმომრეობით, სასჯელებითა და ბრძანებებით ადამიანების მართვა შეუძლებელია. ხალხი სასჯელს გაექცევა და სირცხვილის გრძნობას დაკარგავს,  მაგრამ თუ   მმართველი (მოძღვარი) გამოიჩენს კეთილშობილებას და შეთანხმებით, ქცევის წესების დაცვით, შექებით ხალხში დაამყარებს წესრიგს- ხალხს ექნება სირცხვილის შეგრძნება და შეცდომების გასწორების სურვილი.  ამ თვალსაზრისით, კონფუცის მიხედვით, ე. წ. მოსამსახურეთა (ანუ საჯარო მოხელეთა)  სწავლების თავისებურებას წარმოადგენს ქცევის წესებსა და მოვალეობებზე დაყრდნობით აღზრდის მნიშვნელობის გაზრდა-გაფართოება, რასაც მოძღვარი მიაღწევს ე.წ. „გულზე შეტევის“  მექანიზმის (ანუ მორალური დილემის) გამოყენებით.   

ქცევის წესებზე დაფუძნებული მართვის დაცვისა და მხარდაჭრისათვის კონფუციმ წამოაყენა „სწორი ტერმინების“ იდეა. მისი აზრით, სიტყვების სწორი შინაარსი ხელს შეუწყობდა სინამდვილის რეალურად აღქმას და საზოგადოების იმგვარი სიტუაციის არსებობას, რომელშიც ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანს თავისი მოვალეობები ექნებოდა მკაფიოდ გააზრებული. ის ამბობს, რომ მმართველი უნდა იყოს მმართველი თავისი მოვალეობებით, მსახური უნდა იყოს მსახური, მამა უნდა იყოს მამა, შვილი უნდა იყოს შვილი და ა. შ. ამგვარად, კონფუცი დაახლოებით 2 ათას 500 წლის წინ ამტკიცებს, რომ ადამიანს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ საფეხურსა და სტატუსზე, გააზრებული უნდა ჰქონდეს პირველ რიგში თავისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მისი აზრით, როცა ტერმინები არეულია, მეტყველებაც წინააღმდეგობრივია. თუ მეტყველება წინააღმდეგობრივია, საქმე არ სრულდება წარმატებით.  სადაც საქმე წარუმატებლად მთავრდება, ქცევის წესები არ მოქმედებს. სადაც ქცევის წესები არ მოქმედებს, იქ მუსიკა არ ისმის. სადაც მუსიკა არ ისმის, იქ ჰარმონიულობა არ არის. სადაც ჰარმონიულობა არ არის, იქ სასჯელებსა და ჯარიმებს აქვს ადგილი, თუმცა ეს სასჯელები და ჯარიმებიც არასწორი გზით მიემართება და საზოგადოებას მმართველის წინააღმდეგ უარყოფითად განაწყობს. ამ სიტყვებით კონფუცი აჩვენებს, რომ მოქალაქეობრივი გაურკვევლობა მეტისმეტად სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოებას,  ღრმა და უარყოფით კვალს ტოვებს ადამიანების სულზე და ხელს უწყობს არსებულის რღვევას, იწვევს კრიზისსა, ანარქიას. ასევე, აჩვენებს, რომ ე.წ. „ტერმინთა გასწორების“  მოთხოვნა  წარსულისკენ დაბრუნებას ნიშნავს, მაგრამ არა ბრმად დაბრუნებას,  არამედ თითოეული ტერმინის შინაარსობრივ გააზრებას, რომლიდანაც მხოლოდ საუკეთესო უნდა შეინარჩუნო და დროსა და განვითარებასთან შესაბამისობაში მოიყვანო. თითოეული „გასწორებული ტერმინი“ გასწორებულ ქცევის წესს გულისხმობს. ქცევის წესების გამოყენებისას კონფუცისთვის უმთავრესი შეთანხმების მიღწევაა.  ამასთან, კონფუცი თვლის, რომ მმართველობა, სწავლება, ურთიერთობები კაცთმოყვარეობაზე, ხალხის სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული.

კონფუცის შემეცნებითი თეორია დუალისტური და წინააღმდეგობრივია და ასევე, ამ თეორიის მიხედვით  ცოდნა    2 სახისაა. 

  • დაბადებით არსებული ცოდნა  (თანდაყოლილი)
  • სწავლებით მოპოვებული  ცოდნა (შეძენილი)

კონფუცი განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა შეძენილი ცოდნის მნიშვნელობას და აღიარებდა, რომ შემეცნება (გონების განვითარება) მიიღწევა დაუღალავი და თავდადებული შრომით, გონების ვარჯიშით. მისი აზრით, აუცილებელია მოისმინო ბევრი რამ და მოსმენილიდან ამოარჩიო საუკეთესო და მისდიო მას, ან დაათვალიერო ბევრი რამ და დაიმახსოვრო ნანახი.  კონფუცი ხაზს უსვამდა კავშირს სწავლებასა და აზროვნებას შორის. ის ამბობდა, რომ ისწავლო და არ გაიაზრო, დროის ფუჭი კარგვაა, აზროვნებდე და არ სწავლობდე - მომაკვდინებელია,  წიგნის კითხვა წაკითხულის გააზრების გარეშე არანაირ შედეგს არ იძლევა,  ხოლო აზროვნება კითხვის გარეშე მხოლოდ ფერხდება.  მისი თქმით,  ხშირად მთელი დღეები არ ჭამდა და არ ეძინა მთელი ღამეები. სულ ფიქრობდა, მაგრამ აქედან არანაირი სიკეთე არ იყო. უმჯობესია სწავლა, მამბობდა ის,- სწავლა აზროვნების საფუძველია, აზროვნება კი შესწავლილი მასალის განსჯაა, გაღრმავებაა. ის თვლიდა, რომ სწავლება და აზროვნება, როგორც პროცესი, ერთნაირად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ერთმანეთისთვის. ორივე პროცესი წინ მიიწევს ერთმანეთის დახმარებით. ეს კი ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს.

კონფუცი დიდ ყურადღებას უთმობდა ცოდნასა (თეორია)  და მოქმედებას (პრაქტიკა) შორის დამყარებულ კავშირს.  ის განსაკუთრებით ხაზს უსვამდა სწავლებისა და მოქმედების ერთიანობას.  მისი აზრით, მოქმედება (პრაქტიკა)  ეს არის მეცნიერების  (შესწავლილის)  გამოხატვა.  ის ჯერ კიდევ 2 500 წლის წინ თვლიდა,  რომ სწავლების მიზანია თეორიის პრაქტიკაში გადმოტანა და რომ პრაქტიკა არის, შეფასების  საუკეთესო კრიტერიუმი, რითაც მოწმდება ცოდნა.   მისი თქმით, რა გინდ ბევრი ისწავლოს ადამიანმა, თუ პრაქტიკაში ვერ გამოიყენებს ნასწავლს, მაშინ ცოდნას არავითარი აზრი არ აქვს.  

ამრიგად,  25 საუკუნეზე მეტი  გავიდა და ჯერაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა იდეებს, რაზეც კონფუცი გვესაუბრება.

შეჯამებისათვის, მოკლედ რომ ვთქვათ, კონფუცი 2500 წლის წინ აღიარებდა

  • თანდაყოლილი და შეძენილი ცოდნის არსებობას,
  • ცოდნის შესაძენად თავდადებული შრომის აუცილებლობას
  • კავშირს სწავლებასა და აზროვნებას შორის
  • სწავლებლის მიზნის აუცილებლობას
  • ცოდნის შეფასების კრიტერიუმად პრაქტიკის არსებობას
  • ბევრის მოსმენისა და საუკეთესოს ამორჩევის უნარს
  • ბევრის ნახვისა და ნანახის დამახსოვრების უნარს
  • წაკითხულის გააზრების აუცილებლობას
  • შესწავლილის პერიოდულად გამეორების აუცილებლობას
  • თეორიისა და პრაქტიკის კავშირის აუცილებლობას
  • დამსახურებულად ქებას.

ამასთან, მიაჩნდა, რომ წარმატებული სწავლის აუცილებელი პირობაა

  • სასჯელების უარყოფა
  • ექსტრემიზმისა და უკიდურესობების უარყოფა
  • ქცევის წესების დაცვა
  • ურთიერთშეთანხმება
  • სიყვარულით სწავლება
  • ტერმინების სწორი მნიშვნელობის გააზრება
  • ოქროს შუალედის არსებობა
მასალა მომზადებულია წიგნიდან - "ჩინური ფილოსოფიის ისტორია".  მოსკოვი. გამომცემლობა "პროგრესი". 1989 წ. 

იხილეთ აგრეთვე: 

четверг, 22 июня 2023 г.

პირველი გაკვეთილების ჩემი ტრადიცია

ყველა კლასში შესვლითანავე ტრადიციულად მივყვები მოცემულ გეგმას

  • მისალმება
  • სწავლის დაწყების მილოცვა
  •  მოკითხვა.
  • ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარება. ( რა ნახეს და შექმნეს,  რა დაათვალიერეს, რა ისტორიული წიგნი წაიკითხეს, ან რა ფილმი იხილეს, რომელი ციხესიმაგრე ან მუზეუმი მოინახულეს და ა.შ.)
  • სიახლეების გაცნობა  სასწავლო სფეროში
  •  სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო სასწავლო რესურსები წლის მანძილზე
  • ესგ-თი გათვალისწინებული საკითხები შესაბამის კლასში
  • მიმდინარე, სემესტრული და წლიური  შეფასების საკითხები
  • სწავლების მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებთ წლის მანძილზე
  • სასწავლო ნივთები, რაც დაგვჭირდება წლის განმავლობაში. 
მეორე გაკვეთილიდან უკვე იწყება ქცევის წესებზე შეთანხმება. შესაძლოა, ამას მთელი გაკვეთილი ან უფრო მეტიც დასჭირდეს, თუმცა, ღირს ამ საკითხზე სერიოზული შეჩერება. 
ასე, რომ გისურვებთ წარმატებას. გისურვებთ სერიოზულ და ნაყოფიერ სამუშაოს წლის მანძილზე